კახა კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978, სამტრედია, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.
კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.
1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც დებიუტი 1993–1994 წლების სეზონში ჰქონდა, 16 წლის ასაკში. კალაძემ 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
1998 წელს კალაძე მონაწილეობდა საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც 0–0 დასრულდა. მისი თქმით, კრისტიან ვიერის წინააღმდეგ კარგმა თამაშმა განაპირობა კიევის „დინამოს“ დაინტერესება ქართველი მცველით